English / ქართული / русский /
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
საინვესტიციო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირების ზოგიერთი ასპექტი საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომი ეხება ისეთ საჭირბოროტო საკითხს, როგორიცაა უცხოური ინვესტიციები; განხილულია ინვესტიციების როლი ზოგადად ეკონომიკის განვითარებაში, სხვადასხვა წამახალისებელი ფაქტორები უცხოური ინვესტიციების დასაინტერესებლად. სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკის მნიშვნელობაუდიდესიანებისმიერი ქვეყნისათვის, რაც, რათქმა უნდა, სახელმწიფოს პრეროგატივაა.

ნაშრომში მოყვანილია საინვესტიციო სფეროში სახელმწიფოს მიერ გასატარებელი პოლიტიკის პრინციპები. კერძოდ, საკანონმდებლო პოლიტიკის ჩამოყალიბების და გატარების პრინციპები; მოყვანილია ზოგიერთი ქვეყნის მაგალითი აღნიშნულ სფეროში, შემდეგ კი დაწვრილებითაა განხილული საქართველოს კანონმდებლობა მოცემულ დარგში, დაწყებული დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1991) დღემდე; ასევე მითითებულია, რომ უცხოურ ინვესტიციებთან სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია, რადგან მას უკუეფექტებიც გააჩნია და ამასთან დაკავშირებით გარკვეული წინადადებებია შემოთავაზებული.

საკვანძო სიტყვები: ინვესტიციები, პოლიტიკა, კანონმდებლობა, საგადასახადო სისტემა, სტრატეგია. 

***

არც ერთ ქვეყანას, მიუხედავად მისი ზომისა და მეცნიერულ-ტექნიკური განვითარების დონისა, უცხოური ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე არ შეუძლია არსებობა, ვინაიდან მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში რომელიმე ცალკე აღებულ ქვეყანაში მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ყველა მიმართულებით კვლევების განხორციელება შეუძლებელია.

ინვესტორები ეძებენ ისეთ ქვეყნებს, ისეთ პოტენციურ ბაზრებს, სადაც არის პოლიტიკური სტაბილურობა, სტაბილურია კანონმდებლობაც, სადაც კანონები არ იცვლება ყოველდღიურად, ქვეყნები, სადაც ადვილია ოპერირება, დაბალია კორუფციის დონე, გარემო არის ბიზნესისთვის მეგობრული, შიდა ბაზარი არის დიდი, სადაც მაღალია ექსპორტის შესაძლებლობები და უკუგება ინვესტიციიდან.

ინვესტიციების მოსაზიდად დიდი მნიშვნელობა აქვს უცხოელი ინვესტორებისათვის სამართლებრივი გარანტიების მიცემას. უცხოური, განსაკუთრებით პირდაპირი ინვესტიციების მოსაზიდად უამრავ წამახალისებელ მოტივს იყენებენ. მათ შორისაა საგადასახადო შეღავათები და შეღავათიანი საიმპორტო ტარიფები, უცხოური პერსონალის მიღებისა და გათავისუფლების გამარტივებული წესები, შედარებითი ავტონომია მენეჯმენტისათვის. ეს ყოველივე სახელმწიფოს პრეროგატივაა. სახელმწიფო რეგულირების აუცილებლობა განპირობებულია მრავალი ფაქტორით, რომლებიც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს საინვესტიციო აქტივობაზე. ამ ფაქტორთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ასპექტებს, რომელთა გადაჭრის მიზნით შეიძლება გამოყნებულ იქნეს სახელმწიფო რეგულირების სხვადასხვა მეთოდები და ფორმები: სახელმწიფომ შეიძლება დააბანდოს კაპიტალი სოციალური ორიენტაციის მქონე პროექტებში, იგი შეიძლება იყოს სხვადასხვა პროდუქციის ან მომსახურების შემსყიდველი, ქონების მეწილე, ამ ბაზრის მმართველი ორგანო და სხვ.

საინვესტიციო სფეროში სახელმწიფოს მიერ გასატარებელი პოლიტიკა შემდეგ პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს: პრიორიტეტული მიმართულებებისა და „წერტილოვანი ინვესტირების“ შერჩევა; საინვესტიციო პროცესის მართვადობის ხარისხის ამაღლება დასაბუთების გაძლიერების საფუძველზე; შემუშავებული ზომების კომპლექსურობა და თანმიმდევრობა.

სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ფორმირება უნდა წარმოადგენდეს, ამის უზრუნველსაყოფად  უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება შემდეგ ნაბიჯებს:  ქვეყნის, მისი ცალკეული რეგიონისა და ეკონომიკის სხვადასხვა დარგების საინვესტიციო შესაძლებლობის საინფორმაციო უზრუნველყოფა; პროექტების დაფინანსების, მიწების გამოყოფის და სხვა მოსახერხებელი სქემის ჩამოყალიბების შესაძლებლობა;  პროტექციონისტული ტარიფები იმ საქონელზე, რომელსაც აწარმოებს უცხოელი ინვესტორი; საინვესტიციო პროექტისათვის საჭირო ძირითადი საშუალებების იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება; საგადასახადო შეღავათები; საკანონმდებლო გარანტიები.

სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, მარეგულირებელ ზემოქმედებას ახდენს ინვესტიციებზე სახელმწიფოებრივი საინვესტიციო პროგრამების მეშვეობით, შემდეგ კი - სახელმწიფოებრივი ინვესტიციების პირდაპირი მართვის გზით. რეგულირების მნიშვნელოვანი ბერკეტია საგადასახადო სისტემა. სახელმწიფო გავლენას ახდენს საგადასახადო განაკვეთებსა და შეღავათების დიფერენცირების მქონე საგადასახადო სისტემის შემოღების გზით. ინვესტიციებზე მარეგულირებელ ზემოქმედებად პრაქტიკაში რჩება ფინანსური დახმარების გაწევა, რაც ცალკეული რეგიონების, დარგებისა და წარმოებების განვითარებისთვის დონაციების, სუბსიდიების თუ საბიუჯეტო სესხის გაცემის გზით ხდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ საგადასახადო სტიმულების სიჭარბემ შეიძლება უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. მაგალითად, უცხო ქვეყნის ფირმას, რომელიც ახორციელებდა საინვესტიციო პროექტს ბრაზილიაში, ამაზონიის რეგიონში კანონმდებლობით ჰქონდა უფლება ამ პროექტში რეინვესტირების სახით ჩაედო იმ თანხის ნახევარი, რომელიც სახელმწიფო ხაზინაში უნდა შესულიყო გადასახადების სახით. ფირმამ ისარგებლა ამ ვითარებით და შემოსავალს იღებდა იმ ფულიდან, რომელიც სხვა შემთხვევაში ქვეყნის საკუთრება იქნებოდა.

მიახლოებითი გაანგარიშებები გვიჩვენებს, რომ მარტო რეფორმამდელი პერიოდის დონემდე ინვესტირების მოცულობის აღსადგენად, ინვესტიციების ვარდნის სიღრმის გათვალისწინებით, საჭიროა მისი ათჯერ გადიდება. ამ პრობლემის ანალიზის დროს ჩნდება ინვესტიციების საკმარისობის კრიტერიუმის საკითხიც. საშუალოვადიან პერსპექტივაში ასეთი კრიტერიუმი შეიძლება იყოს საინვესტიციო რესურსების ის მოცულობა, რომელიც მდგრად ეკონომიკურ ზრდაზე გადასვლას უზრუნველყოფს. მაკროეკონომიკის თვალსაზრისით, ეს მოასწავებს მთლიანი წმინდა ინვესტიციების სიდიდის ისეთი სტაბილური დადებითი მნიშვნელობის მიღწევას, რომლებიც ძირითადი კაპიტალის განახლებისთვის საჭირო სახსრების მოცულობათა მატებას შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ მთელ რიგ ქვეყნებში არ არსებობს სპეციალური კანონები, რომლებიც არეგულირებს უცხოურ ინვესტიციებს. ასეთებია: იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბელგია, ლუქსემბურგი. მაგალითად იტალიაში, უცხოური კაპიტალის დასაბანდებლად ისეთ დარგებში, როგორიცაა ნაოსნობა, დაზღვევა, საბანკო საქმე, სათანადო სამინისტროების ნებართვაა აუცილებლად საჭირო. ფინეთში აკრძალულია უცხოური ინვესტირება ეკონომიკის საერთაშორისო სპეციალიზაციის ისეთ სფეროებში, როგორიც არის სამთომომპოვებელი, ხის დამამუშავებელი, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა, ატომური ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, კავშირგაბმულობა, რკინიგზის ტრანსპორტი. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ესპანეთში, უცხოური კაპიტალის დაბანდება ყველა დარგში ნებადართულია მხოლოდ პარიტეტულ საწყისებზე - ესპანეთის და კაპიტალის დამბანდებელი ქვეყნის თანაბარი წილით. ყველა შემთხვევაში ქვეყანა ამ პროცესზე ახორციელებს თავის კონტროლს. დიდბრიტანეთში ეს ხდება ინდივიდუალური ნებართვით, რასაც იძლევა ინგლისის ბანკი. საფრანგეთში ამისათვის საჭიროა სპეციალური დელკარაციის წარდგენა ეკონომიკისა და ფინანსების და ბიუჯეტის სამინისტროებში, რომლებიც წინაწარ იძლევიან ნებართვას დაბანდებებზე. იაპონიაში, სადაც ხორციელდება უცხოური ინვესტიციების სფეროში ლიბერალიზაცია, იაპონიის ბანკის მეშვეობით ფინანსთა სამინისტროში შეიტანება შეტყობინება ინვესტირებაზე და 30 დღეში უკვე იწყება ინვესტირება. ყველაზე ლიბერალური და ხელშემწყობი რეჟიმი ამ სფეროში აქვს გერმანიას, სადაც საჭირო არ არის სპეციალური ნებართვა შეტანასა და გატანაზე. იგი თავისუფალია და რაიმე შეზღუდვას არ ექვემდებარება. აღნიშნული ქვეყნების გამოცდილების გადმოტანა ურიგო არ იქნება ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში.

მსოფლიო ქვეყნების ეროვნული ეკონომიკური სისტემა, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, მიმართულია ინვესტიციათა ნაკადების ზრდისკენ. ცხადია ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და მოდერნიზაციისთვის აუცილებელია უპი-ების შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება და შესაბამისი გარემოს შექმნა, რაც განსაზღვრავს ამ პროცესის ეფექტიანობას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საბაზრო ეკონომიკაში სახელმწიფოს, როგორც უშუალო ინვესტორის როლის შენარჩუნება სასიცოცხლოდ აუცილებელია ძირითადი წარმოებებისათვის, სოციალურ სფეროსა და დარგებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ეკონომიკაში შექმნილ პირობებში, საინვესტიციო სტრატეგია მთლიანობაში ორიენტირებულია სახელმწიფო ინვესტიციებიდან სიმძიმის ცენტრის გადატანაზე კერძო ინვესტორებისთვის სასურველ საინვესტიციო გარემოს შექმნისკენ. სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკის ეს ორივე შემადგენელი ნაწილი (სახელმწიფოებრივი ინვესტირება და საინვესტიციო საქმიანობის სახელმწიფოებრივი რეგულირება) პრიორიტეტული დარგებისა და წარმოებების მხარდაჭერას უნდა ემსახურებოდეს და ამ პოლიტიკას აწონილ-დაწონილი და სისტემური ხასიათი უნდა ჰქონდეს.

ცხრილი 1

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში

(მლნ აშშ დოლარი)

წელი

2013

2014

2015

2016

2017

2018

2019

2020

სულ

1039.2

1837.0

1728.8

1652.6

1978.3

1306.3

1310.8

616.9

I კვ

291.8

331.9

343.4

392.6

413.2

328.6

313.7

175.0

II კვ

224.1

217.6

493.2

452.4

395.7

406.1

236.6

241.3

III კვ

271.6

749.5

531.1

507.4

634.8

365.4

396.0

303.3

IV კვ

251.6

538.0

361.0

300.2

534.6

203.5

364.5

-102.8

ჩვენს ქვეყანას აქვს რეალური პოტენციალი, მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები და ამ გზით ხელი შეუწყოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას, უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები, 2020 წელს საქართველოში პუი-ს მაჩვენებელი 616.9 მლნ აშშ დოლარს უდრიდა. ეს 52.9%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ამასთან, ინვესტორებს სჭირდებათ მყარი გარანტიები, რომ გრძელვადიანი ინვესტირება მოახდინონ ქვეყანაში და ეს გარანტიები თავის მხრივ მოიცავს: საკანონმდებლო და სასამართლო სისტემის მოწესრიგებას, სახელმწიფო რეგულაციების შერბილებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, საექსპორტო პოტენციალის ზრდას, სამუშაო ძალის ხარისხის გაუმჯობესებას და ფინანსური ბაზრების განვითარებას. საქართველო კარგ პოზიციებს ინარჩუნებს მსოფლიო რეიტინგებში, თუმცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზე ეს ფაქტორი ასახვას ვერ პოვებს, რადგან საერთაშორისო რეიტინგების ინდექსები და მათი გამოთვლის მეთოდოლოგია ხშირად იცვლება და ინვესტორებიც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ასეთ რეიტინგებს. საქართველოში დაფიქსირებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უდიდეს გავლენას ახდენს ქართულ ეკონომიკაზე. დიდია იმ კომპანიების გავლენა, რომლებიც ქართულ-უცხოური წილობრივი მონაწილეობითაა შექმნილი, რადგან უცხოური ინვესტიციით შექმნილი კომპანიები ბაზრის სერიოზული მოთამაშეები არიან და დიდწილად სწორედ ისინი განაპირობებენ ქვეყნის ეკონომიკური აქტიურობის ძირითად ბირთვს. უცხოური ინვესტიციებისადმი ქვეყნის მზაობისა და მიმზიდველობის უზრუნველყოფა შესაძლებელი გახდება სტაბილური პროგნოზირებადი ეკონომიკური პოლიტიკით, ასევე საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან ინტეგრირებით და ქვეყნის ფინანსური რისკების შემცირებით.

მიუხედავად უკვე არსებული არაერთი სამართლებრივი დოკუმენტისა, ვფიქრობთ, ინვესტიციების ხელშეწყობის პირობების გაფართოებისა და მათი დაცვის გაძლიერების ღონისძიებების დამუშავებისას, საქართველოს კანონმდებლობა უფრო მეტად უნდა დაუახლოვდეს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს.

საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველივე წელს დაიწყო საინვესტიციო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების შექმნის პროცესი. 1991 წლის 25 ივლისს უზენაესმა საბჭომ მიიღო პირველი კანონი “უცხოური ინვესტიციების შესახებ”. იმავე წლის 10 აგვისტოს - კანონი “საინვესტიციო საქმიანობის შესახებ”, რომელთა მიხედვით სამართლებრივ საფუძვლებზე რეგულირდებოდა როგორც ეროვნული, ისე უცხოური ინვესტიციები.

1994 წლის 21 დეკემბერს მიღებულ იქნა კანონი „საზღვარგარეთის ქვეყნებისა და კომპანიებისათვის კონცესიების გაცემის წესის შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე უცხოელი ინვესტორებისათვის ბუნებრივი რესურსების დამუშავებისა და მასთან დაკავშირებული სხვა სახის სამეურნეო საქმიანობაზე კონცესიების გაცემის საერთო პრინციპებსა და წესს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საკონცესიო ხელშეკრულების დადება არ იწვევს ბუნებრივ რესურსებსა და სამეურნეო ობიექტებზე საკუთრების უფლების გადაცემას. კონცესიონერები შეიძლება იყვნენ უცხოეთის იურიდიული და ფიზიკური პირები, უცხოეთის სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

მოგვიანებით, 1995 წლის 30 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო უკვე მეორე კანონი „უცხოური ინვესტიციების შესახებ“. თუმცა, მალევე, 1996 წლის 12 ნოემბერს მიღებულ იქნა კანონი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების“ შესახებ, რის საფუძველზეც ძალადაკარგულად გამოცხადდა წინა კანონები და რომლის მიღებამდე საქართველოში ორიენტაცია აღებული იყო უცხოელი ინვესტორებისათვის მკვეთრად გამოხატული უპირატესი ხელშეწყობისაკენ. ეს კანონი საქართველოს ტერიტორიაზე თანაბარ პირობებში აყენებს როგორც უცხოური, ასევე ადგილობრივი ინვესტიციების მონაწილეობით საინვესტიციო საქმიანობას და უზრუნველყოფს მათი დაცვის გარანტიებს. მისი მიზანია, დაადგინოს ინვესტიციების ხელშემწყობი სამართლებრივი რეჟიმი.

საინვესტიციო საქმიანობის და მათ შორის უცხოური ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის მიმართულებით კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა 2006 წლის 30 ივნისს, როდესაც მიღებულ იქნა საქართველოს კანონი “ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ”. ამ კანონით დადგენილია სპეციალური ნორმები და ხელშემწყობი ღონისძიებები განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების წასახალისებლად. მოცემული კანონით, ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი –„აწარმოე საქართველოში“. მას უფლება აქვს, იყოს ინვესტორის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა პირებთან ურთიერთობებში. დადებული ხელშეკრულებით „აწარმოე საქართველოში“ ეხმარება ინვესტორს საინვესტიციო საქმიანობისათვის საჭირო ყველა ლიცენზიის და ნებართვის აღებაში. იგი უფლებამოსილია, აღნიშნული საქმიანობა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში ანაზღაურებად საწყისებზე განახორციელოს. „აწარმოე საქართველოსთან“ შეთანხმება არ ზღუდავს ინვესტორს, ურთიერთობა ადმინისტრაციულ ორგანოებთან უშუალოდ ან სხვა წარმომადგენლის მეშვეობით განახორციელოს.

საქართველოს კანონის „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესაბამისად ინვესტორს, რომელიც ფუნქციონალური და სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე (8 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია), უფლება აქვს, მთავრობისაგან მოითხოვოს თავის მიერ განსახორციელებელი ინვესტიციისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭება. რაც შეეხება იმ მეწარმეს, ვინც მაღალმთიან რეგიონში საქმიანობს, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შემდეგ „მთის კანონის“ თანახმად საშემოსავლო გადასახადისგან 10 წლით თავისუფლდება და ამ საწარმოს საქმიანობით მიღებულ შემოსავალს სახელმწიფო არ დაუბეგრავს. ასევე მაღალმთიანი დასახლების საწარმო თავისუფლდება მოგების გადასახადისგან სტატუსის მინიჭებიდან 10 წლის მანძილზე. სტატუსის მინიჭების შემდეგ მაღალმთიანი დასახლების საწარმო 10 წლის მანძილზე არ გადაიხდის საკუთრებაში არსებული, ამავე ტერიტორიაზე მდებარე ქონების გადასახადს. აღნიშნული ღონისძიებები, ცხადია, გაააქტიურებს საინვესტიციო საქმიანობას მსგავს რეგიონებში.

 აქვე უნდა ვახსენოთ იმის შესახებ, რომ უცხოელ ინვესტორს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს საქართველოს ლიბერალური სავაჭრო რეჟიმებით, მათ შორის, ისარგებლოს 900 მილიონიან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობით თავისუფლად, საბაჟო გადასახადების გარეშე. ესენია: ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ხდება ვაჭრობა; ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA WITH EU) 2014 წლის 27 ივნისიდან; საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) წევრობა 2000 წლიდან; იმპორტის კუთხით 2020 წლისათვის საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან – თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი და აშშ 203.3 მლნ, 139.9 მლნ, 131.6 მლნ, 100.6 მლნ და 81.6 მლნ აშშ დოლარით. შეღავათიანი რეჟიმი შემდეგი ქვეყნის ბაზრებზე: აშშ, კანადა, იაპონია, ნორვეგია, შვეიცარია; ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება (FTA) 12 ქვეყანასთან, მათ შორის მეზობელ და დსთ-ს წევრ ქვეყნებთან. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წარმატებები იქნა მიღწეული ფისკალური რეფორმის მიმართულებით. 2005 წლის იანვრიდან ამოქმედდა ახალი საგადასახადო კოდექსი, რომლის მიხედვით შემცირდა გადასახადების ოდენობა, გამარტივდა ადმინისტრაციული მექანიზმები, ჩამოყალიბდა მყარი სამართლებრივი ბაზა ლეგალური ბიზნესის მხარდასაჭერად. არსებული 21 გადასახადიდან რაოდენობა შემცირდა 6-მდე. 2007 წლიდან ასევე მოხდა გადასახადების ლიბერალიზაცია და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

ასევე უნდა აღინიშნოს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების “სტრატეგია 2020” უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, რომლის მიხედვით გათვალისწინებულია შემდეგი: უცხოური კაპიტალის შემოდინება თავის მხრივ გააიაფებს საკრედიტო რესურსს და გაზრდის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. შესაბამისად, ქვეყანაში გაიზრდება ინვესტიციების მოცულობა; ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება ეკონომიკური დიპლომატიის ეფექტიანი განხორციელება, ანუ საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ, რაც გაზრდის უცხოური ინვესტიციების, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შემოსვლას; ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერნაციონალიზაციასა და ქართული ექსპორტის ზრდას; შესაბამისი რეფორმებისა და რეგულაციების ცვლილებებით მოხდება ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ხელშეწყობა, ბაზრის ლიბერალიზაცია და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რეგიონული ვაჭრობის განვითარებას, სატრანზიტო და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას; ენერგიის იმპორტის შემცირების და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების საშუალებით მოხდება ენერგეტიკული პროექტების ხელშეწყობა ადგილობრივი ენერგორესურსების ათვისებაზე აქცენტით.

დასასრულ, გვინდა აღვნიშნოთ, რომ უცხოურ ინვესტიციებს ყოველთვის არ ახლავს გრძელვადიანი დადებითი ეფექტი, კერძოდ გამოვლინდა ის უარყოფითი მხარეები, რომელიც შესაძლებელია მოჰყვეს უცხოური კაპიტალის უკონტროლო შემოდინებას ქვეყანაში, თუნდაც ინვესტიციების სახით, კერძოდ: გამოდევნოს შიგაინვესტიციები ბაზრიდან; გააძლიეროს მოსახლეობის შემოსავლების დიფერენციაცია; ინვესტიციები თუ არ არის მიმართული საექსპორტო პროდუქტის წარმოებაზე, მაშინ ის აუარესებს მიმდინარე ანგარიშის ბალანსს.

საწყის ეტაპზე უპრიანია სახელმწიფს მხრიდან შეიქმნას ან გამოიყოს რაიმე საზედამხედველო ორგანო, მოხდეს კადრების გადამზადება, რადგან გათვლების შედეგების ინტერპრეტაციისას, უპირველეს როლს თამაშობს კონსულტანტების გამოცდილება და კვალიფიკაცია.

სამუშაო ძალა საქართველოში არ არის კვალიფიციური. ეს ფაქტორი ნამდვილად შემაფერხებელია ინვესტორებისათვის, ამიტომ საქართველოს სჭირდება იმუშაოს განათლების ხარისხზე, რადგან საჭიროა უფრო ეფექტიანი, სწრაფად მომუშავე, პროფესიონალი სამუშაო ძალა.

ექსპერტების აზრით, კარგი იქნება თუ შევქმნით ინვესტორთა და მათი ეროვნულ ეკონომიკაში ჩართვის ერთიან მაკოორდინირებელ ცენტრს. ცენტრის დანიშნულება უნდა იყოს გრძელვადინი ინვესტიციების მიზნობრივად გამოყენება, ერთიანი პრობლემის შემუშავება, სადაც განსაზღვრული იქნება პრიორიტეტული მიმართულებები. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. https://news.un.org/ru/story/2021/01/1395002 ЮНКТАД: в 2020 году объемы прямых иностранных инвестиций почти повсеместно резко упали, а в Казахстане и Беларуси – выросли.
  2. https://unctad.org/system/files/official-document/tir2020overview_ru.pdf ДОКЛАД О ТЕХНОЛОГИЯХ И ИННОВАЦИЯХ за 2021 год  Вскочить на волну технологий Инновации со праведливостью Женева, 2021.  
  3. https://matsne.gov.ge/ka/document/view/33304?publication=15 საქართველოს კანონი საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ..
  4. https://openscience.ge/bitstream/1/383/1/samagistro%20rijvadze.pdf პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, როგორც ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა  2019.
  5. https://yr-expert.com/zakon-ob-inostrannyh-investitsiyah/ Закон об иностранных инвестициях: содержание, нюансы и пояснения Екатерина Афанасьева Обновлено: 06.05.2019.
  6. https://moluch.ru/archive/116/31852/Современные подходы к привлечению и регулированию иностранных инвестиций / Л. Л. Бияк, И. В. Кулик, М. А. Кулик. 2016.
  7. https://economy-ru.com/upravlenie-investitsiyami-knigi/122-sovershenstvovanie-upravleniya-18166.html СОВЕРШЕНСТВОВАНИЕ УПРАВЛЕНИЯ ИНВЕСТИЦИЯМИ В ИННОВАЦИИ.
  8. https://studref.com/459949/ekonomika/sovershenstvovanie_upravleniya_investitsiyami_innovatsii СОВЕРШЕНСТВОВАНИЕ УПРАВЛЕНИЯ ИНВЕСТИЦИЯМИ В ИННОВАЦИИ.
  9. http://science.usue.ru/images/docs/itogi/fipasoi.pdf.. Инвестиционный налоговый кредит как инструмент инновационного развития  А. А.     Выборов АО «Зарубежнефть», г. Москва.
  10. https://knowledge.allbest.ru/management/2c0b65635a3bc68a4c53b88521306d37_0.html           Государственное регулирование инновационной деятельности.